ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, რომელსაც შვედეთი უკრაინას უყენებს, მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის - ის, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, კანდიდატ ქვეყანას პირდაპირ სთხოვს, "ქართული ოცნების" თქმით, ევრობიუროკრატებმა არაპირდაპირი გზით უკვე მოითხოვეს საქართველოსგანაც.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას უკრაინას არავინ ავალდებულებს და ეს საფრთხე არც საქართველოს შემთხვევაში დგას.
სტოკჰოლმისგან მკაფიო განმარტებას ისევ ელოდება თბილისი. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
"2017 წელს კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ, რა არის ქორწინება, რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობა. მაშინ გახსოვთ ე.წ. ჩვენი ოპოზიციის, სინამდვილეში ულტრარადიკალური ოპოზიციის ნარატივები?! ისინი ამბობდნენ, რომ ეს გამოგონილი თემებია, არავინ არავის არაფერს ითხოვს, ამათ თავისი პოლიტიკური ბენეფიტების მიღების მიზნით მოიგონეს ეს თემაო. ყალბი აღმოჩნდა? ერთ-ერთ პირობად, ერს, რომელსაც აქვს ასიათასობით მსხვერპლი გაღებული ევროპის უსაფრთხოებისთვის, ხომ თვითონვე ამბობენ, რომ ჩვენს მაგივრად იბრძვიან და ჩვენს გამო იბრძვიან, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა განიცადა, მილიონობით ლტოლვილი ჰყავს, იმას შეიძლება დამატებით ეს პირობა წაუყენო?
გამოვიდეს ყველა და თუ არიან ასეთი ვაჟკაცები, პირდაპირები და თავისი ღირებულებების დამცველები, თქვან, რომ არ ვეთანხმებით ხელისუფლებას, ჩვენ მომხრე ვართ, კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს კონსტიტუციურად. თქვან, რატომ ვერ ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას ამას? იმიტომ, რომ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს. აგერ დამტკიცდა, რომ არსებობს“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.