პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ საკმარისი დრო აქვთ დარჩენილი.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების შესახებ საზოგადოება უახლოეს მომავალში, შესაბამისი პრეზენტაციით გაიგებს.
"ერთი რამ შემიძლია დაგპირდეთ, როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, არ გამოგაპარებთ ამ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. აუცილებლად იქნება წარდგენა, უბრალოდ ამის საშუალებას ჯერჯერობით დროც გვაძლევს, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ახლო მომავალში, ჩვენი შეჯერებული ვერსია თბილისის მერობის კანდიდატთან და არა მხოლოდ თბილისთან დაკავშირებით, "გახარია საქართველოსთვის" პარტიასთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ მიერ იქნება წარდგენილი", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად მრავალათასიანი ქუჩის აქციები და წინააღმდეგობა მიაჩნიათ.
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა "ქართული ოცნების" კანდიდატი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება იმ ოპოზიციის კანდიდატი, რომლებმაც ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ იქნება. რეჟიმის დამარცხების ერთადერთ გზას ჩვენ ვხედავთ ქუჩაში - მრავალათასიანი შეკრებებით და წინააღმდეგობით", - განაცხადა ანა წითლიძემ.