20 აგვისტო 2026,   22:10
ვრცლად
9-საათიანი განგაში და 16 დაღუპული - რუსეთმა კიევზე 168 დრონითა და 36 რაკეტით იერიში მიიტანა

კიევში განგაში 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საჰაერო თავდაცვის სისტემა კომბინირებული თავდასხმის მოგერიებას ცდილობდა. დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის ძალებმა 168 დრონი და 36 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

მეხანძრეები, მედიკოსები და პოლიციელები სოლომიანკის, სვიატოშინოსა და დარნიცის რაიონებში სამაშველო სამუშაოებს აფეთქებების ფონზე ატარებდნენ. დაიღუპა 16 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა.

კიევთან ერთად, რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, დონეცკისა და დნეპრის ოლქები გახდა. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლია ჟიტომირშიც. დრონი პოლიციის სამმართველოს მოხვდა - დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი. 5 ადამიანი დაიღუპა ხერსონში. თავდასხმის სამიზნე მიკროავტობუსი გახდა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. უკრაინის პროკურატურა მომხდარს ომის დანაშაულის მუხლით იძიებს.

რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. გასულ ღამით დრონების სამიზნე რუსეთის რამდენიმე რეგიონი გახდა. თათრეთში, ნიჟნეკამსკში, იერიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს. დაზიანდა სამრეწველო ობიექტები და სახლები. კრასნოდარში კი უპილოტო საფრენი აპარატები ნავთობის ტერმინალსა და ელექტრო ქვესადგურს დაესხნენ თავს, რის გამოც ანექსირებულ ყირიმში დენი გაითიშა.

დარტყმების ფონზე მხარეებმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. სახლში დაბრუნება ამჯერად უკრაინის 103-მა მოქალაქემ შეძლო. გათავისუფლებულებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ფლოტისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

ამ დრომდე უცნობია, როდის დასხდებიან მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეჩერებულია.

ომი ყოველდღიურად აზარალებს უკრაინის ეკონომიკას. საკითხზე ვრცელ სტატიას "ეკონომისტი" ავრცელებს. გამოცემის შეფასებით, რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინულ ბიზნესსა და სამრეწველო-სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, ოდესის ოლქში საპორტო ინფრასტრუქტურის ბოლოდროინდელმა დაზიანებამ შესაძლოა 50 მილიონი ტონა მოსავლის ექსპორტს საფრთხე შეუქმნას.

დღის ამბები