22 აგვისტო 2026,   06:17
ვრცლად
"ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია", "უპრეცედენტო ეკონომიკური ომი და იზოლაცია" - ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ახალ ზომებს აანონსებს

"ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია", "უპრეცედენტო ეკონომიკური ომი და იზოლაცია" - ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ახალ ზომებს აანონსებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერს, რომ დამანგრეველი შედეგების წინაშე ის ქვეყნებიც აღმოჩნდებიან, რომლებიც ირანთან სავაჭრო თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება თეირანში შეაფასეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ "ეკონომიკურ ომს" შეერთებული შტატების შიდა ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში The New York Times-ისა და CNN Business-ის ის გრაფიკული მასალა გააზიარა, სადაც აშშ-ის რეკორდული - 40-ტრილიონიანი სახელმწიფო ვალია ასახული.

ვაშინგტონს და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე ირანთან სავაჭრო, კომერციული და ფინანსური ტრანზაქციების სრულად შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. მედია, წერს რომ აბუ დაბი ამ დრომდე ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი იყო. ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილება ირანიდან საამიროების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებას და ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ახალი დეტალები საერთაშორისო მედიამ გაარკვია. Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადასაზიდად საიდუმლო სანაოსნო დერეფანი შექმნეს. ომანის სანაპიროსთან გახსნილ უსაფრთხო ფარულ მარშრუტს ამერიკელი სამხედროები უკვე ორი თვეა აკონტროლებენ. გამოცემის ინფორმაციით ყოველ ღამით სრუტეს 20 მდე ტანკერი კვეთს, რაც დღეში 10 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვის საშუალებას იძლევა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები