20 ივნისი 2026,   16:50
ვრცლად
ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი და შეშფოთებული ევროკომისია - უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გაუქმების გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა

კიევი, ლვივი, დნიპრო, ოდესა, რივნე - უკრაინის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გაუქმებას აპროტესტებს.

დემონსტრანტები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერილ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონტროლი კორუფციასთან ბრძოლის ხელის შეშლის მიზნით სურს.

საკანონმდებლო ცვლილებას, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია, ყოველდღიურ მიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

კიევში მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკომისია. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანას ფინანსური დახმარება დემოკრატიული მმართველობის სფეროებში პროგრესის მიღწევის პირობით მიეწოდება.

ოფიციალურ კიევს მიმართავს სტოკჰოლმი, ამსტერდამი და ბერლინი. პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები შეშფოთებას გამოთქვამენ და ანტიკორუფციული ინსტიტუციების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

უკრაინაში ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაუქმებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში ჩარევაა. შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებსაც იხსენებს, რომლებიც უკრაინის მთავრობაში მუშაობდნენ და მისი თქმით, "დიპ სტეიტის" მხრიდან ხელშეუხებლად არიან გამოცხადებული.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები