საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში და რეკომენდაციები - IMF-მა შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველომ შესამჩნევად კარგად იმუშავა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად.
გამოყოფილია მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაცია და ვალის ზომიერი დონე. აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან წლიური ზრდა საშუალოდ 9%-ს აჭარბებს- მაჩვენებლები კი განპირობებულია პანდემიის შემდგომი ძლიერი აღდგენით და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე სატრანსპორტო მომსახურების სექტორების მდგრადი გაფართოებით, რასაც მხარს უჭერს იმიგრაცია, ფინანსური შემოდინებები და უკრაინის ომთან დაკავშირებული სატრანზიტო ვაჭრობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს შორის არის მოწოდება ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს ფართოდ ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია.
სავალუტო ფონდის ანგარიში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეაფასა.
"სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ჩვენი ეკონომიკის მედეგობას შოკების მიმართ და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს. მნიშვნელოვანი არის, რომ აფასებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას და გააუმჯობესა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 7.2% არის ახლა უკვე განახლებული პროგნოზი, ანუ ამ თვალსაზრისით ხედავს მაღალი ზრდის შენარჩუნების კარგ პერსპექტივებს.
ინფლაციასთან დაკავშირებით, პროგნოზი არის, რომ ინფლაცია კვლავაც შენარჩუნდება მიზნობრივ 3%-თან ახლოს, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც. ინფლაციის თავის მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ შენარჩუნების თვალსაზრისით დადებითად აფასებს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას, ამბობს, რომ ის შეესატყვისება მოცემულობას - მაკრო ეკონომიკურ პარამეტრებს და ეს ჩვენთვის სასიხარულოა", - განაცხადა ნათია თურნავამ.