
ვინ არის მოღალატე და ვისი ბრძოლის გზაა ჭეშმარიტი - ეგზისტენციალური კრიზისი და დაპირისპირება ოპოზიციაში. თვითმმართველობის არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების ოპონენტებს შორის განხეთქილება გაიზარდა. 4 ბარიერგადალახული პარტია 2 გუნდად გაიყო.
უბიძგეს, მაგრამ ერთობას ვერ მიაღწიეს - მოწოდებები მოწოდებებად დარჩა და "ლელომ" მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის დაწყებული არეულობა ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდშიც გაგრძელდა, პარტიის პოლიტიკური საბჭო ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ადამიანმა უკვე დატოვა.
ღირსების საკითხი სააკაშვილის ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელებისთვის ამჯერად არჩევნების ბოიკოტი და ქუჩაში ბრძოლაა. კოლეგებისგან მხარდაჭერის მისაღებად, ელენე ხოშტარიამ შიმშილობაც დაიწყო. მისმა პროტესტმა 3 დღეს გასტანა, მიიღო 2 შედეგი - გახდა პირველი ოპოზიციონერი, რომელმაც შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო და ისედაც ერთ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკოსებს მრავალპარტიული ერთობა დაერქვა. კოალიციებში შემავალმა სუბიექტებმა, 8 პარტიის სახელით, განცხადება გაკეთეს და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რის შემდეგაც ოპოზიციის ოპოზიციის წინააღმდეგ შიმშილობა შეწყდა. რეზულტატით კმაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა" დარჩა.
ექსპრეზიდენტის გუნდის კრიტიკის მთავარი ადრესატი ექსპრემიერია, რომელმაც სააკაშვილის თანაგუნდელების შეფასებით, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური განქორწინება ამ დრომდე ვერ შეძლო და არჩევნებში მონაწილეობასაც ამის დასტურად მიიჩნევენ.
არავის გავლენას არ ვექვემდებარებით - ასეთია გახარიას გუნდის პასუხი, სადაც, "ლელოს" გარდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას სტრატეგიას უწუნებენ.
შიმშილობის აქციის პარალელურად, იყო ქუჩის პროტესტიც სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით. მისი სიტყვით გამოსვლა კი, ბოლო თვეების განმავლობაში, ერთადერთი საკითხი გახდა, რომლის ირგვლივაც ოპოზიციურ ველზე მყოფი ყველა ძალა მართლაც გააერთიანა, ამჯერად - ზურაბიშვილის წინააღმდეგ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მას შულერიც კი უწოდა. არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტი - ზურაბიშვილის ეს სიტყვები, დანარჩენი ოპოზიციის აღქმით, მხოლოდ სადღეგრძელო იყო.
საბოლოოდ, აქციას, რომელსაც 1 კვირის განმავლობაში გეგმავდნენ, ყველა ოპოზიციური პარტია გაემიჯნა. არავინ ამბობს, ვინ იყო ორგანიზატორი პროტესტის, რომელზეც სასურველი ვერც ხალხის რაოდენობა მიიღეს და ვერც ზურაბიშვილის დაანონსებული გეგმა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორის გარკვევის პარალელურად, ოპოზიციურ ველზე ახლა ისიც გასარკვევია, მოახერხებენ თუ არა ქუჩაში პროტესტის ერთად გაგრძელებას. პარტია "გირჩში" დარწმუნებული არიან, რომ "ლელოს" ოპოზიციურ ველზე "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლება სურს და სწორედ ეს არის მამუკა ხაზარაძის ინვესტიცია პოლიტიკაში.
ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ორ ფლანგად დაყოფა და ერთმანეთში დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის ოპონენტების დასუსტების დასტურია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩიხურ მდგომარეობაში შესული ოპოზიცია მითითებებს ქვეყნის ფარგლებს გარედან ელოდება.
ორად გაყოფილი ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია ასეთია - ორი არჩევნების ბოიკოტს განაგრძობს, ორიც საკუთარ რეიტინგს ოქტომბერში გაზომავს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 90 დღე რჩება.