20 ივნისი 2026,   17:14
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი სრულიად სომეხთა კათოლიკოსის წინააღმდეგ - დაკავებების სერია სომხეთის ხელისუფლებას და ეკლესიას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

სპეცრაზმმა, პოლიციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სომეხთა ეკლესიის პატრიარქის რეზიდენციაში სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. სამართალდამცავები ეჩმიაძინის კომპლექსში შესვლას და ტერიტორიაზე მყოფი მთავარეპისკოპოსისთვის ხელბორკილების დადებას ცდილობდნენ.

რეიდის პარალელურად ქვეყნის სასულიერო ცენტრში იერარქების შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელსაც ყოველთა სომეხთა კათალიკოსი და ბრალდებული მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი ესწრებოდნენ. მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ძალაუფლების მიტაცებისა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისკენ საჯარო მოწოდებებისთვის აღძრა.

დღის განმავლობაში ძალოვნებს სასულიერო პირებს და შეკრებილ მრევლს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით პირველმა ტერიტორია პატრიარქმა დატოვა, ბრალდებულმა იერარქმა შეკრებილებს მიმართა და თქვა რომ მიმალვას არ გეგმავს, რის შემდეგაც საკუთარი ავტომობილით ადვოკატთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გაემგზავრა.

პატრიარქის მიმართვამ დაპირისპირება ვერ დაასრულა. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის აჩმიაძინის მიმდებარე ავტომაგისტრალებზე არაერთი პირი დააკავა.

აჯაფახიანი ერთადერთი იერარქი არაა ვისზეც ხელისუფლების მიტაცების მცდელობისთვის დაკავების ორდერი გამოიცა. პროკურატურის ვერსიით შეთქმულების კიდევ ერთი ფიგურანტია მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტების მომზადება და მასობრივი არეულობის წაქეზება, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.

დაკავებების სერია სომხეთის ხელისუფლებას და ეკლესიას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა საპატრიარქოსთან დაკავშირებული პოლიტიკური მოძრაობა ""წმინდა ბრძოლა"", რომელსაც ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს ტერაქტების მომზადებაში და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციებზე აღმოჩენილია აალებადი ნივთები, იარაღი და საბრძოლო მასალა - დაკავებულია 16 მოქალაქე.

სომხეთის მთავრობის მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, გადატრიალების ერთ-ერთ ინიციატორად წინა კვირას დაკავებული რუსეთის მოქალაქე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი და ქვეყნის ორი ექსპრეზიდენტი მიიჩნევა, ხოლო გეგმის დამფინანსებლებად ""გაზპრომი"" და მასთან დაკავშირებული კორპორაციები სახელდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები