საქმიანი და პასუხისმგებლიანი - ასე აფასებენ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. მათი განცხადებით, მთავრობის მეთაურმა დეტალურად და ვრცლად ისაუბრა ყველა მიმართულებაზე, თუმცა მათთვის განსაკუთრებულად საყურადღებო ეკონომიკური და საგარეო მიმართულება იყო. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, პრემიერ-მინისტრმა გამოსვლითაც დაადასტურა, რომ საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ეროვნული ინტერესების მისაღწევად მთავარი ინსტრუმენტია.
პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, ოპოზიციისთვის რეალობას არ ასახავს. ხელისუფლების ოპონენტები უკმაყოფილებას, როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური მიმართულებით გამოხატავენ.
მთავრობის მეთაურის წლიურ ანგარიშს, დეპუტატების გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ისმენდნენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახები მიღწევებია, რომელიც აღიარებული აქვს არაერთ საერთაშორისო ინსტიტუტს და გამოიხატება კონკრეტულ ციფრებშიც. წარმატებაზე საუბრის პარალელურად მმართველ ძალაში გამოწვევებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
150 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტს წარუდგინა "ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშია.