ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გვარდიის შტაბი, ევინის ციხე, პალესტინის მოედანზე "ისრაელის განადგურების" სიმბოლური საათი - დაცარიელებულ თეირანში აფეთქებების ხმა ისმის - "ცაჰალი" საკვანძო ობიექტებს ბომბავს.
ისრაელელი პილოტების სამიზნე ქვეყნის სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გახდა. აფეთქებულია ფორდოს ბირთვულ რეაქტორთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა. ქირმანშაჰში და თავრიზში განადგურებულია ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები და საცავები, ირანის დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში კი, 6 აეროპორტი.
ისრაელის დარტყმების ფონზე, ირანში სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის მემკვიდრეებს ასახელებენ. "როიტერის" ინფორმაციით, განიხილება ორი კანდიდატურა, ხამენეის 56 წლის ვაჟი, მოჯშტაბა ხამენეი და ჰასან ხომეინი, ისლამური რევოლუციის ფუძემდებლის პირველი იმამის რუჰოლა ხომეინის შვილიშვილი. ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი კი ამბობს, რომ ალი ხამენეის ოჯახი ირანიდან გასაქცევად უკვე მზადაა.
თეირანში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას არ გამორიცხავს არც ოფიციალური ვაშინგტონი. საკითხზე საკუთარი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "თრუს სოუშალის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
ამერიკის და ისრაელის დარტყმების გამო, ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს და ითხოვს ორგანომ მათ პასუხისმგებლობა დააკისროს, სხდომაზე თეირანის წარმომადგენელმა თქვა, რომ ომი ირანის წინააღმდეგ გამოგონილი და აბსურდული საბაბით დაიწყო.
პოლიტიკურ მხარდაჭერას ირანი მოსკოვისგან ელოდება. დღეს კრემლში პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. "როიტერის" ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა - თეირანმა მოსკოვის მხარდაჭერის დონით უკმაყოფილება გამოთქვა.
ბოლო 11 დღის განმავლობაში, ისრაელს და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ისრაელში 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 600-ზე მეტი. მსხვერპლია ირანშიც - დაიღუპა 500 ადამიანი, ხოლო სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 3000-მა მოქალაქემ.