20 აგვისტო 2026,   21:58
ვრცლად
"ვაკვირდებით როგორ მწვავდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება, ამ საკითხში თურქეთს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო დელეგაციამ თურქეთში ვიზიტი დაასრულა. შედეგებზე შემაჯამებელი კომენტარი მედიასთან შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მან თურქეთში გამართული შეხვედრების კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის საუბრის თემა, სწორედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ის მნიშვნელოვანი პროექტები იყო, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა.

ვიზიტის ფარგლებში სპიკერი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და მეგობარი ჯგუფის წევრებს შეხვდა.

"ჩემი პირველი ვიზიტი არის ანკარაში პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აქამდე იყო 2019 წელს ბოლო, ამიტომაც ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ 6 წლის თავზე განხორციელდა ოფიციალური ვიზიტი. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში არსებობს. დღევანდელ დღეებში ვაკვირდებით როგორ მწვავდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება. ამ საკითხში თურქეთს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს.

მეორე მხრივ, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. შუა დერეფანი სულ უფრო მეტ და მეტ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ დატვირთვას იღებს და თურქეთ-საქართველო ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაწილი არიან შუა დერეფნისა. მნიშვნელოვანია, რომ როგორც საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ჰარმონიზებული და შეთანხმებული შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე, გამოყენებული იქნას შუა დერეფნის მთლიანი პოტენციალი," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები