21 ივნისი 2026,   04:18
ვრცლად
"ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც ირანს ექნება ატომური ბომბი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოების არსებობას და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას" - ემანუელ მაკრონი

ირანისა და ისრაელის ურთიერთ თავდასხმებსა და ვითარების გამწვავებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი, თუ მას შესაძლებლობა ექნება, მიიღებს მონაწილეობას ოპერაციებში ისრაელის დასაცავად, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მის გეგმებში რომელიმე შეტევით ოპერაციაში მონაწილეობა არ შედის.

მაკრონმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხესაც, რომელიც ირანის მხრიდან ატომური ბომბის ფლობას შეიძლება მოჰყვეს.

"ირანს აქვს დიდი პასუხისმგებლობა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის პროცესში, მხარს უჭერს "ჰამასს", "ჰესბოლას" და ჰუსიტებს, მიესალმება ისრაელში 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შემდეგ, 50 თანამემამულე დაიღუპა. საფრანგეთი, თუ მას ექნება გავლენა და შესაძლებლობა, მონაწილეობას მიიღებს ოპერაციებში ისრაელის დასაცავად. თუმცა, ჩემს გეგმებში არ შედის რომელიმე შეტევით ოპერაციაში მონაწილეობა. ეს არ არის ჩვენი როლი და არც ის გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ.

ჩვენ ვუჭერთ მხარს დიპლომატიურ მიდგომას ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საკითხში. ჩვენ ვართ იმ ქვეყნების რიგებში, რომლებმაც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების თემაზე ყველაზე მკაცრი და მუდმივი პოზიცია დაამკვიდრა. მხარს ვუჭერთ ისრაელის გადაწყვეტილებას. ვმონაწილეობდით თუ არა მათთან ერთად თავდასხმის დაგეგმვაში? პასუხია არა! ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ირანის ბირთვული იარაღისაკენ მიმავალი ეს გზა საფრთხეს უქმნის რეგიონს, ევროპასა და ზოგადად კოლექტიურ სტაბილურობას. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც ირანს ექნება ატომური ბომბი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოების არსებობას და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დღის ამბები