შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თემურ ქათამაძის საქმეზე ისაუბრა.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მან არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, ქათამაძის გაძევება კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების წესით მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს. მას პოლიცია საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.
ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.