20 აგვისტო 2026,   23:56
ვრცლად
"ჩემი აზრით, ეს არის ამორალური, სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე" - ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

თვითმმართველობის არჩევნების გარშემო პოლიტიკური დისკუსია გრძელდება.

პარტია "ლელო" გამოდის ინიციატივით ოპოზიციამ ოთხი ოქტომბრის მარათონთან დაკავშირებით ერთობლივი მსჯელობა დაიწყოს, აქვე მამუკა ხაზარაძის გუნდში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ.

თემაზე განხილვის დაწყებაც მიუღებელია "კოალიცია ცვლილებებისთვის", სადაც "ლელო" დღეს მწვავედ გააკრიტიკეს.

იგივე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობა", სადაც გუშინ პირველად ითქვა, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას განიხილავდა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ თბილისში მერობის საერთო კანდიდატი იქნებოდა.

როგორც ირკვევა, ეს სტრატეგია გიორგი გახარიას გუნდმა ცალკე ყოფნით დაბლოკა.

პარტია "დროას" დამფუძნებელი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ამორალურია.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი დაუშვებელი და დამაზიანებელია. ჩემი აზრით, ეს არის ამორალური, სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე. წინააღმდეგობის პლატფორმამ, 26 მაისს გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების პირობებში.

ამ გადაწყვეტილებების ნაწილი იყო "ლელო". საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დარღვევა და დისონანსის შემოტანა, ჩემთვის იწვევს დიდ გაკვირვებას. მე გამოვხატავ იმედს, ჩვენი პარტნიორები დაბრუნდებიან იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ, თავად მოაწერეს ხელი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა და არც ახლა შეუცვლია პოზიცია.

"ამ ფარსში მონაწილეობაზე მსჯელობაც კი არ უნდა მიდიოდეს სხვა პარტიებში. თუ გახარია არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს - "ნაციონალურ მოძრაობა" არ აპირებს. 4-5 თვის წინ შეიძლება იყო განსხვავებული პოლიტიკური ლანდშაფტი, განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია, ოდნავ მაინც, თუმცა ამ მსჯელობის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია.

დღეს, "ნაციონალურ მოძრაობს" ჰონდა პოზიცია, რაც აქვს დღეს, რომ ამ ფარსში არ აპირებს მონაწილეობას მიღებას არც ცალკეული კანდიდატების დაყენების შემთხვევაში და არც ერთიანი კანდიდატის დაყენების შემთხვევაში", - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

დღის ამბები