24 საათი რჩება მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე - რუსეთი და უკრაინა ხვალ ისევ სტამბოლში შეიკრიბებიან.
სამი წლის განმავლობაში პირველად, ვლადიმერ პუტინი დეკლარირებულად წარადგენს მის მთავარ მოთხოვნებს, ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ.
ჯერჯერობით, უცნობია რა ეწერება დოკუმენტში, რომელსაც რუსეთ წარადგენს, თუმცა საერთაშორისო მედია და ექსპერტები რამდენიმე საკითხს ვარაუდობენ.
ეს შეიძლება იყოს ტერიტორიების ნაწილი - შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა კიევისგან მოითხოვოს იმ ტერიტორიების აღიარება და დათმობა, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას.
შესაძლოა, კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყოს ხელისუფლების ცვლილება უკრაინაში.
ასევე, მთავარი მოთხოვნა შესაძლოა იყოს უკრაინის მხრიდან NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა.
ვლადიმერ პუტინს რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ სურს, ეს უცხო არ არის, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკითხი, გამოცემა Reuters-ის მიერ გავრცელებული სტატიის შემდეგ გააქტიურდა, სადაც ნახსენებია, რომ პუტინი მოითხოვს სამხედრო ალიანსმა უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე.
როგორც აღნიშნულ სტატიაშია ნახსენები, დონალდ ტრამპი და სხვა რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები თანახმა არიან, ვლადიმერ პუტინის ამ მოთხოვნას დათანხმდნენ და მას გადასცენ დოკუმენტი, რომლითაც NATO დეკლარირებულად იტყვის უარს აღმოსავლეთით გაფართოებაზე. აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი კი უკრაინის გარდა საქართველოსა და მოლდოვას მოიცავს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წინადადებებს წარადგენენ რუსები სტამბოლში, რაც არასერიოზულად გამოიყურება.
"ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ვემზადებით ახალი დიპლომატიური ნაბიჯებისთვის,შეერთებულ შტატებთან. ფაქტობრივად, ჩვენ თითქმის ყოველდღიურ კონტაქტში ვართ. ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წინადადებებს წარადგენენ რუსები სტამბოლში. ეს ინფორმაცია არ გვაქვს ჩვენ, არ აქვს თურქეთს, არც შეერთებულ შტატებს და არც სხვა პარტნიორებს. ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი არასერიოზულად გამოიყურება. გუშინ ამ საკითხზე ვისაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველას სურვილია, რომ დიპლომატიამ იმუშაოს და ნამდვილი ზავი შედგეს. ყველას სურს, რუსეთმა შეწყვიტოს თამაში დიპლომატიით და დაასრულოს ომი. ყველას სურს მშვიდობა — და რუსეთი ამას უნდა დათანხმდეს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე გადამწყვეტ როლს ითამაშებს სანქციების საკითხში, რათა მშვიდობის მიღწევა უფრო მალე შევძლოთ. თუმცა, ფაქტია, ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ რუსეთის ახალ დარტყმებსა და ახალ თავდასხმებს ვხედავთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკმა.