"ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის განცხადებას. ანუარ ელ ანუნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. პრესსპიკერს სოციალური ქსელის საშუალებითვე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ოპონენტებს, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ახსენებს.
ოპოზიციისთვის ევროკავშირის პრესსპიკერის პოზიცია იმის დასტურია, რომ ბრიუსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად აფასებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება, მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
სახელისუფლებო პარტია ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. მმართველ გუნდს არგუმენტად ის გახმაურებული საქმეები მოჰყავს, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებების კანონიერება არაერთხელ დაადასტურა.
ევროპული ბიუროკრატიის კრიზისზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ "დიფ სთეითის" გავლენა შემცირდება, რაც ევროპულ სტრუქტურებში წესებზე დაფუძნებულ სისტემას განავითარებს და ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობა ნიკა მელიას, 30 მაისს შეუფარდა.