ALDE-სა და ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების განცხადება, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება დაგმეს პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, განცხადება სრულ ჭეშმარიტებას ასახავს.
"ლელო-ძლიერი საქართველო" არის ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი და ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ასეთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძისადმი და ხაზგასმას პოლიტიკური მართლმსაჯულებისა ამ ქვეყანაში. განცხადებაში აბსოლუტურად ყველა სიტყვა არის სიმართლე, როდესაც ჩვენი კოლეგები საუბრობენ იმაზე, რომ ეს იყო დახურული პროცესი დიპლომატებისთვის და დიპლომატური წარმომადგენლობისთვის, ეს პროცესი ნამდვილად იყო დახურული დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის. ჩვენ რომ იქ არ შეგვიშვეს, ეს ნიშნავს, რომ ის პროცესი არის დახურული. ALDE პირველია და, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, კიდევ ბევრი განცხადება იქნება, რომელიც იტყვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია სერიოზულ საფრთხეშია," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას კიდევ არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება.
"კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურება - უდანაშაულო პოლიტიკური ლიდერის ციხეში ჩაგდებას ექნება ის ეფექტი, რომ კიდევ უფრო დააჩქარებს მძიმე გადაწყვეტილებებს დასავლეთში. მერწმუნეთ, რომ ეს ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.