20 აგვისტო 2026,   22:49
ვრცლად
დავით მათიკაშვილი ALDE-ზე: ეს ორგანიზაცია, უკვე ცხადია, რომ არის ტყუილების რუპორი და სიცრუის, პროპაგანდაზე ორიენტირებული ადამიანების ერთობა

"ეს ორგანიზაცია, უკვე ცხადია, რომ არის ტყუილების რუპორი და სიცრუის, პროპაგანდაზე ორიენტირებული ადამიანების ერთობა," - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა ALDE და ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების განცხადება, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება დაგმეს. მისივე თქმით, ტყუილია, რომ მედიასა და დაინტერესებულ პირებს სასამართლოზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ.

როდესაც აშკარა კადრები არსებობს, საზოგადოებამ ყველაფერი თვალნათლივ დაინახა, რომ ამ სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები და ყველა ის მსურველი, რომელიც დესტრუქციისთვის, ჩხუბისა და ალიაქოთისთვის არ იყო იქ მისული, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თეთრზე შავის თქმა და საწინააღმდეგოს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ესენი არიან ელემენტარული მატყუარები.

ვინც არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხდება აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და ეს არის დადგენილი წესი სისხლის სამართლის კოდექსით," - განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჩხრეკის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი "ტყუილებითაა გაჯერებული."

"რაც შეეხება ხოშტარიასთან [დაკავშირებით] გაკეთებულ განცხადებას - ტყუილებითაა ეს ყველაფერი გაჯერებული. კარგად გვახსოვს, რომ ხოშტარიას შემთხვევაში, იყო პირდაპირ მიცემული კარტ ბლანში დაინტერესებული პირებისთვის, გამოეთხოვათ შესაბამისი მასალა და სათანადო სამართლებრივი პირობების დაცვით, დარწმუნებულიყვნენ, რომ არანაირი წამება აქ არ ყოფილა. როცა, ერთის მხრივ, აცხადებ ამ ყველაფერს და მეორეს მხრივ, არ იყენებ ამ საშუალებას, ცხადზე ცხადია, რომ ტყუილს ამბობ და ცდილობ, მანიპულაციით საზოგადოება მოატყუო," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები