ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი, რომელშიც ფილოსოფოსი გარედან მართულ პროცესებზე, რევოლუციის, არეულობის, დესტაბილიზაციის მცდელობებზე და დიპლომატიურ სამსახურებში კვოტების დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, თუ რომელიმე საელჩო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერების კუთხით რაიმე ქმედებებს ახორციელებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
"ჩვენ გვჭირდება ნებისმიერი ტიპის დახმარება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების და გაძლიერების მიმართ და თუ რომელიმე საელჩო ამას აკეთებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. სხვა დანარჩენი არის ყალბი პროპაგანდა, დაგვაჯერონ, რომ თურმე დიფ სთეითი და რომელიღაც ქვეყნის საელჩოები გვებრძვიან და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ. სხვა პრობლემა არ აქვს ხელისუფლებას, საელჩოების თანამშრომლების რაოდენობა რომ არ ითვალოს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
წერილთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.
"ხელისუფლების დაკვეთაა, ახლა აწარმოონ ამ ტიპის ორკესტრირებული კამპანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმებით იქნება მცდელობა, რომ აისახოს პრაქტიკაშიც. არც ერთ ქვეყანაში ადგილობრივი სახელმწიფო არ ადგენს ვის რამდენი დიპლომატი ეყოლება და რაზე იმუშავებენ ეს დიპლომატები. ამას ყოველთვის ადგენს სუვერენული სახელმწიფო", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ დასავლეთი მოწადინებულია იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში.
"ე.წ. დიფ სთეითი ყველამ კარგად იცის, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება დასავლეთს, დასავლეთი არის მთლიანად მოწადინებული იმისთვის, რომ მშვიდობა სუფევდეს მათ შორის ჩვენს რეგიონში. ამიტომაც, ეს მთლიანი ნარატივი არის განწირული მარცხისთვის", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.