ამ დრომდე ეძებენ მაშველები მტკვარში ჩავარდნილ მანქანას. ინციდენტი თბილისში, მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს მანქანაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ერთის პოვნა და წყლიდან ამოყვანა მალევე მოხერხდა. შემთხვევა, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომლის ამოყვანაც მაშველებმა მალევე შეძლეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მათი ცნობით, სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით იგეგმება წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.
"თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი, გადავარდა მდინარე მტკვარში.
შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის, მიმდებარე ტერიტორიაზე",- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.