ინიციატორის მოწოდების შემდეგ, კონგრესმა "მეგობარი აქტი" 349 ხმით მიიღო. 42 კონგრესმენი წინააღმდეგ წავიდა, კიდევ 42-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
პროექტი, რომლის სრული სახელწოდებაც "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტია", რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს მოიცავს. დოკუმენტი ერთი მხრივ აწესებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას. რატომ დადგა დღის წესრიგში და რამდენად მიზანშეწონილია პროექტის მიღება? - კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, სადაც იყო განსხვავებული მოსაზრებაც.
კონგრესის შემდეგ, ჯერი სენატზეა. ზედა პალატაში ორპარტიული მხარდაჭერის შემდეგ პროექტი ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს გადაეგზავნება. "ქართული ოცნება" აქტს არამეგობრულს უწოდებს და მას კონკრეტული ძალების ინტერესებს უკავშირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტი არგუმენტების გარეშე, არაერთ მცდარ ინფორმაციას მოიცავს და მასზე ხელმოწერა დონალდ ტრამპისთვის იქნება ტესტი
"მეგობარი აქტის" მიღებას დილიდან სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურნენ ოპოზიციურ პარტიებში. განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა. ხელისუფლების ოპონენტებმა კონგრესის გადაწყვეტილება უპროცენტო მხარდაჭერად შეაფასეს, მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილიც.
ოპოზიციაში არ მალავენ, რომ დოკუმენტის შემუშავებაზე თავადაც მუშაობდნენ და იმედოვნებენ, რომ დაწყებული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ "მეგობარი აქტი" სახელწოდებასთან ერთად, წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებთან, ისე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ მიდგომებთან. "ქართულ ოცნებაში" დღეს პროექტის ინიციატორის სუბიექტურ მიზნებზეც ისაუბრეს.
კონგრესში უილსონმა, ხოლო სენატში პროექტი ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს. როდის ჩატარება ზედა პალატაში კენჭისყრა ჯერ დაზუსტებული არ არის. თუ "მეგობარი აქტი" სენატშიც შესწორების გარეშე, იმავე სახით მიიღეს, ის უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი მას 10 დღიან ვადაში ხელს არ მოაწერს, აქტი ძალაში ავტომატურად შევა, თუმცა ამ პერიოდში კონგრესში სესია შეწყვეტილი არ უნდა იყოს. პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შემთხვევაში კი, მის დასაძლევად კონგრესის ორივე პალატაში ხმების ორი მესამედი იქნება საჭირო.