26 აგვისტო 2026,   12:41
ვრცლად
თუ "დიფ სთეითთან" ბრძოლა ბოლოში გავა, ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, ვინაიდან როგორც ჩვენ გვჭირდება მეგობრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება ამერიკას და ევროკავშირს მეგობრობა საქართველოსთან - მაჭავარიანი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თუ დონალდ ტრამპი "დიფ სთეითთან" ბრძოლას "ბოლომდე მიიყვანს", საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა აუცილებლად გადაიტვირთება და მათი მოლოდინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურია.

როგორც მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, როგორც საქართველოს სჭირდება მეგობრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება ამერიკასა და ევროკავშირს მეგობრობა საქართველოსთან.

"ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტორს, რომ ბატონმა ტრამპმა უნდა მოახერხოს, მინიმუმ, ამ გავლენების შესუსტება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, მოლოდინი ოპტიმისტურია და ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ბატონი ტრამპის სასარგებლოდ. მისი სიტყვებია, რომ თუ იგი ვერ დაამარცხებს "დიფ სთეითს", მაშინ "დიფ სთეითი" დაამარცხებს აშშ-ს. "გლობალური ომის პარტიის" ძირითადი ინსტრუმენტები მან თამაშიდან გამოთიშა. იგივე NED-ი, იგივე USAID-ი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. ეს პირდაპირ ფაქტებით და მტკიცებულებებით დაადასტურა ბატონი მასკის დეპარტამენტმა. რაღაც ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გადადგმულია და პროცესი დაწყებულია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს ბატონი ტრამპი ბოლოში გაიყვანს. თუ ეს პროცესი ბოლოში გავიდა, ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, ვინაიდან როგორც ჩვენ გვჭირდება მეგობრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება ამერიკას და ევროკავშირს მეგობრობა საქართველოსთან, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ამის მოლოდინი არის, უბრალოდ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია, მინიმუმ, რამდენად შეასუსტებს იმ გავლენებს, რომლებიც დღეს არსებობს ბიუროკრატიაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები