მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე საუბრობს და აცხადებს, რომ პაციენტს სხვადასხვა სამკურნალო ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა, საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"პაციენტი გარდაიცვალა გუშინ კლინიკაში 20:00 საათზე. პაციენტი შემოვიდა ჩვენთან უგონო მდგომარეობაში, აღენიშნებოდა სხვადასხვა ტიპის მრავლობითი დაზიანებები, კონკრეტულად ახლა ვერ დავასახელებ. მთელი ამ დროის განმავლობა პაციენტი იყო კომატოზურ მდგომარეობაში, მას უტარდებოდა სხვადასხვა სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, დადგა ლეტალური შედეგი", - აღნიშნა სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია.
უწყების ინფორმაციით, "ბრალდებულის დაწესებულებაში შესახლების დღიდან, ის იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. 23 იანვარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება," - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. პატიმრის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდებულის გარდაცვალების მიზეზი ციხეში განხორციელებული ძალადობა გახდა. განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები შეისწავლეს, თუმცა, გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. საქმეზე ომბუდსმენი მონიტორინგს განაგრძობს. გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც.