31 აგვისტო 2026,   12:49
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, იშვიათი მინერალების შესახებ თეთრი სახლის წინადადებას დაეთანხმოს - რა გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალი

ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკა - უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, იშვიათი მინერალების შესახებ თეთრი სახლის წინადადებას დაეთანხმოს. ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში მისი ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა.

უკრაინის პრეზიდენტის მზადყოფნის მიუხედავად, აღარ ჩქარობს თეთრი სახლი. იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმება, ამ დროისთვის, განხილვას აღარ ექვემდებარება - განცხადება შტატების ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. სკოტ ბესენტმა თქვა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა დღის წესრიგში არ დგას.

ვაშინგტონი-კიევის დაძაბულობის ფონზე, ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად გააქტიურდა. ლონდონში, ევროპელი ლიდერების მონაწილეობით, საგანგებო სამიტი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად, სამიტის მონაწილეებმა ისიც თქვეს, რომ აუცილებელია ევროპამ დაიწყოს თავდაცვის ინდუსტრიის მშენებლობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი, ევროპის ხელახალი შეიარაღების შესახებ, კონკრეტული გეგმის წარდგენა დააანონსა.

დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანისთვის ლონდონში გაკეთებული განცხადებები ევროპის მხრიდან უკრაინაში ომის გაგრძელების მხარდაჭერაა.

ფრანგული გამოცემა "ფიგარო" წერს, რომ ევროპელი ლიდერების სამიტზე კონკრეტული ინიციატივაც გაჟღერდა. "ფიგაროს" ინტერვიუ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისცა. ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე მსჯელობენ. რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ნაწილობრივი ზავი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნათლად განსაზღვრავს, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მზად სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, უკრაინული მხარეა - ამ შეფასებას აკეთებენ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, თეთრ სახლში მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა გართულდება.

ბოლო დღეებში, ამერიკა - უკრაინას შორის განვითარებული მოვლენების ფონზე, გაჩნდა კითხვა - გააგრძელებს თუ არა შტატები ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო დახმარებას. "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გეგმავს. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება.

 

დღის ამბები