არსებობს ადგილები, რომლებშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევ. ჩვეულებრივი მიწაა, ბალახი, ქარი, გორაკი. ალბათ, რომ იცოდე, რამდენი რამ მოხდა იმავე მიწაზე ათასობით წლის წინ, სხვანაირად შეხედავდი. გრაკლიანის გორა ასეთი ადგილია. დღეს შეიძლება უბრალო გორად ჩანდეს, მაგრამ მის ქვეშ ადამიანების ყოველდღიურობის, შრომის, რწმენის, ვაჭრობისა და სიკვდილის კვალია დარჩენილი. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ისტორია ჯერ დასრულებული არ არის, არქეოლოგები ამ ტერიტორიაზე დღესაც მუშაობენ და მიწიდან ისევ ამოდის ახალი მასალა.
გრაკლიანის გორა კასპის მუნიციპალიტეტში, იგოეთის მიდამოებში მდებარეობს და საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლად ითვლება. მისი თანამედროვე კვლევის ისტორია 2007 წელს დაიწყო, როდესაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. ამის შემდეგ დაიწყო სისტემური გათხრები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია ხელმძღვანელობდა. რაც უფრო ღრმად შედიოდნენ არქეოლოგები მიწაში, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ გრაკლიანზე ერთი კონკრეტული ეპოქის ნამოსახლარი არ იყო.
სხვადასხვა პერიოდში აქ ადამიანები ცხოვრობდნენ და მათი ცხოვრების კვალი ერთმანეთის ზემოდან, ერთმანეთის გვერდით და ზოგჯერ ერთმანეთის ნაშთებზე იყო შემორჩენილი. აღმოჩნდა სხვადასხვა დროის საცხოვრებელი ნაგებობები, სამარხები, კერამიკული ჭურჭელი, სამუშაო იარაღები, ლითონის ნივთები და საკულტო დანიშნულების არტეფაქტები. კვლევებმა სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის არსებობაც გამოავლინა, რაც ამ ადგილის ხანგრძლივ და რთულ ისტორიაზე მიუთითებს.

გრაკლიანის სახელი კიდევ უფრო განსაკუთრებული 2015 წლის აღმოჩენის შემდეგ გახდა. სწორედ მაშინ არქეოლოგებმა ძველი საკულტო ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელიც მკვლევრებმა ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნით დაათარიღეს. ნაგებობაში ორი საკურთხეველი იყო, ხოლო ერთ-ერთი საკურთხევლის პოსტამენტზე აღმოჩნდა ნიშნები, რომლებიც დღემდე უცნობ დამწერლობასთან არის დაკავშირებული. ოფიციალურ ქართულ წყაროებში ეს აღმოჩენა „სავარაუდო წარწერად“ და უცნობი დამწერლობის ნიმუშად არის აღწერილი. სწორედ ამ ნიშნებმა გამოიწვია ყველაზე დიდი ინტერესი.
გაჩნდა კითხვები: რა იყო ეს ნიშნები და რას ნიშნავდა ისინი? შემდეგ საკითხი ბევრად უფრო რთული გახდა. თუ ეს ნამდვილად დამწერლობაა, ვინ იყენებდა მას? რომელ ენაზე იწერებოდა? რატომ აღმოჩნდა ის საკურთხეველზე? იყო ეს რელიგიური ტექსტი, ღვთაებისადმი მიძღვნილი წარწერა თუ სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა?დღემდე ამ კითხვებზე ყველა პასუხი არ გვაქვს. სწორედ ამიტომ გრაკლიანის წარწერაზე საუბრისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მისი აღმოჩენა უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი საბოლოო გაშიფვრა და კონკრეტულ ენასთან დაკავშირება სხვა საკითხია.
რამდენიმე მკვლევარს აქვს საკუთარი ინტერპრეტაცია და ნიშნების გრაფიკული შედარებებიც ჩატარებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარწერის მნიშვნელობა საბოლოოდ დადგენილია.

გრაკლიანის წარწერასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მისი თარიღია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, წარწერასთან დაკავშირებული ნიმუშები მაიამის ბეტა ლაბორატორიაში გაიგზავნა და მიღებულმა შედეგმა ძვ. წ. XI-X საუკუნეების თარიღი აჩვენა. ამ მონაცემმა გრაკლიანის აღმოჩენას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა, რადგან ასეთი ადრეული თარიღი კავკასიაში დამწერლობის ისტორიის შესახებ ბევრ კითხვას აჩენს. ამიტომ გრაკლიანის აღმოჩენის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ შეიძლება აქ ძალიან ძველი დამწერლობის კვალი იყოს. უფრო მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ ეს ნიშნები აღმოჩნდა საკულტო ნაგებობაში. თვითონ ტაძრის არსებობა გვიჩვენებს, რომ იმდროინდელ საზოგადოებას რელიგიური წარმოდგენების გარკვეული სისტემა და შესაბამისი სივრცეები ჰქონდა. ორი საკურთხეველი და მათთან დაკავშირებული ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ეს უბრალო საცხოვრებელი ნაგებობა არ ყოფილა.აქ აღმოჩენილი ნივთებიდან ბევრი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გვიყვება.
არქეოლოგიური მასალა საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები, რა ნივთებს იყენებდნენ, როგორ ამზადებდნენ ჭურჭელს, რა იარაღებით მუშაობდნენ და როგორ იყო მოწყობილი მათი საცხოვრებელი გარემო. ამ ყველაფრის მნიშვნელობა იმაშია, რომ წერილობითი წყაროები იმ პერიოდის შესახებ ძალიან შეზღუდულია, ხოლო მიწაში დარჩენილი ნივთები ხშირად ერთადერთი გზაა, რომ იმ ადამიანების ცხოვრებას მივუახლოვდეთ, რომლებმაც საკუთარი ისტორია წერილობით ჩვენამდე ვერ მოიტანეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მდებარეობა შემთხვევითი არ უნდა იყოს. არქეოლოგიური კვლევები ამ ტერიტორიის კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებთან კავშირზეც მიუთითებს. ცენტრალურ ამიერკავკასიაში მდებარე ასეთ ადგილებში სხვადასხვა კულტურული გავლენის კვალი ბუნებრივად ჩნდება. ვაჭრობა მხოლოდ ნივთების გადაადგილებას არ ნიშნავდა- ადამიანებთან ერთად გადაადგილდებოდა იდეები, ტექნოლოგიები, რელიგიური წარმოდგენები და სხვადასხვა სიმბოლო. ამიტომ გრაკლიანის შესწავლა მხოლოდ ერთი სოფლის ან ერთი არქეოლოგიური ძეგლის ისტორიის შესწავლა არ არის. მას შეუძლია უფრო ფართო სურათი დაგვანახოს, თუ როგორ იყო ჩართული დღევანდელი საქართველოს ტერიტორია ძველი კავკასიის კულტურულ და სავაჭრო სივრცეში.

არქეოლოგებმა იპოვეს სხვადასხვა პერიოდის საცხოვრებელი სახლებისა და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები, უამრავი კერამიკული ჭურჭელი, ლითონის ნივთები, იარაღები, სამკაულები და სამარხეული ინვენტარი. განსაკუთრებით საინტერესოა ძვირფასი ლითონის ნივთები, მათ შორის ოქროს დისკო, ასევე ბრინჯაოსა და სხვა ლითონების ნივთები. აღმოჩენილია თიხის დასაბეჭდი, რომელსაც სავარაუდოდ დოკუმენტების დამოწმებისთვის იყენებდნენ, და კიდევ ერთი საკმაოდ უცნაური ნივთი-თიხის კონსტრუქცია ვერძის თავის გამოსახულებით, რომელიც ტაძარში, საკურთხევლის წინ იყო აღმართული და, როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, საკულტო დანიშნულება ჰქონდა. 2020 წლის გათხრების დროს პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარიც გამოვლინდა, ხოლო ძვ. წ. V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის კვლევისას პირველად დაფიქსირდა ისეთი მასალა, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან იყო დაკავშირებული. ეს უკვე სხვა სურათს გვაძლევს-გრაკლიანზე მხოლოდ კი არ ცხოვრობდნენ და რიტუალებს ასრულებდნენ, არანედ ამზადებდნენ, ამუშავებდნენ ლითონს, ჰქონდათ საკუთარი ნივთები და გარკვეული სავაჭრო და კულტურული კავშირებიც. რაც შეეხება ამ ყველაფრის ადგილსამყოფელს, ტერიტორიაზე არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი შეიქმნა და გათხრების ადგილზე თავად ძეგლის ნახვაც არის შესაძლებელი.

2026 წლის აგვისტოში კვლევები ისევ განახლდა და მეხუთე ტერასაზე, კლდოვან ქანში ამოკვეთილი წრიული სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ნეშტი მამაკაცს ეკუთვნის და მეცნიერებმა მისი საქმიანობის შესახებაც შეძლეს გარკვეული დასკვნის გაკეთება. ამ ახალი აღმოჩენის სრული სამეცნიერო შედეგები ჯერ წინ არის, რადგან კვლევა ახლახან განახლდა. ახლა მთავარი ამ ნეშტებისა და სამარხის მასალის დეტალური შესწავლაა, რადგან შეიძლება სწორედ აქედან გავიგოთ კიდევ ერთი ნაწილი იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ, რომლებზეც წერილობითი ისტორია თითქმის არაფერს გვიყვება. და ალბათ გრაკლიანის მთავარი მნიშვნელობაც ეს არის, რომ ჯერ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას, მიწაში შემორჩენილი პატარა დეტალებით, ნელ-ნელა აღვადგინოთ იმ ეპოქის ცხოვრება, რომელიც ათასობით წლის წინ აქ არსებობდა.