01 სექტემბერი 2026,   05:13
ვრცლად
1 796 აბიტურიენტს მეორე შანსი მიეცემა - პრემიერის ინიციატივით ე.წ. მეორადი ჩარიცხვა იწყება

გადაწყვეტილება მიღებულია - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 796 აბიტურიენტს მეორე შანსი მიეცემა. ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობით ისარგებლებენ ახალგაზრდები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს. ირაკლი კობახიძის ინიციატივა განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმასა და გარდამავალ პერიოდში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

დაგეგმილი რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც სრულ მზადყოფნაში არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის კვოტები უკვე გამოყოფილია. პრემიერის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც რეგისტრაცია უახლოეს დღეებში უნდა გაიარონ.

ვიდრე აბიტურიენტები უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან, ოპოზიციაში ცდილობენ, პრემიერის ინიციატივა საკუთარ წარმატებად წარმოაჩინონ. ამ საკითხზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპონენტები სხვის გადაწყვეტილებას ისაკუთრებენ, რადგან თავად წარმატებას ვერსად აღწევენ.

გამარჯვება სოციალურ ქსელში თანამოაზრეებს პირველმა ნიკა გვარამიამ მიულოცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ჩათვალა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საკუთარ მიღწევად.

ამის გასარკვევად კითხვები სხვა ოპოზიციონერებსაც დავუსვით. გახარიას პარტიის წარმომადგენლისგან კი, პასუხად ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ.

ოპოზიციის განცხადებები აზრს მოკლებულია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლები განმარტავენ, რომ უკვე დიდი ხანია, ოპონენტები არგუმენტირებულ საუბარს დაუსაბუთებელ კრიტიკას ამჯობინებენ. დეპუტატების განცხადებით, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობისას ნათლად ჩანს, რომ განათლების რეფორმის წარმატება გარანტირებულია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კი მისასალმებელია.

ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" განცხადებების ფონზე, სოციალურ ქსელში ვრცელდება მასალა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას ასახავს. არქივში შემორჩენილია კადრები, როგორ არბევდა სააკაშვილის ხელისუფლება სტუდენტებს, რომლებიც სამედიცინო კოლეჯში ჩარიცხვის ძველი სისტემის შენარჩუნებას მოითხოვდნენ ან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ასევე, ვებპორტალებზე იძებნება ვიდეომასალა, როგორ დასცინოდა მიხეილ სააკაშვილი სტუდენტს, რომელმაც ნერვიულობის გამო კითხვა სრულფასოვნად ვერ ჩამოაყალიბა.

ამ ყველაფრის ფონზე, ოპოზიციის განცხადებები მოულოდნელი არ არის მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" შეფასებით, ოპონენტებს შიდა დაპირისპირებისა და დაბალი რეიტინგის ფონზე, ერთადერთ გზად სხვისი წარმატების საკუთარ მიღწევად წარმოჩენა დარჩათ.

ინიციატივას სტუდენტებისთვის მეორე შანსის მიცემის შესახებ ექსპერტებიც პოზიტიურად აფასებენ. განათლების სფეროს სპეციალისტების განმარტებით, მეორადი ჩარიცხვა გარდამავალი პერიოდის გამო შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს სრულად აღმოფხვრის.

აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ ცნობილი გუშინ, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა. გივი მიქანაძის განცხადებით, ახალგაზრდები სასურველ პროგრამებზე რეგისტრაციას სექტემბრის პირველ ნახევარში შეძლებენ.

დღის ამბები