ცხოვრება მიტოვებულ აეროდრომზე, ძველი თვითმფრინავი, ოთხფეხა თანამგზავრი და შეიარაღებული მეზობელი. ეს ჰიგის ყოველდღიურობაა სამყაროში, სადაც გრიპის პანდემიამ მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. გადარჩენილი პილოტის როლს "ფრანკენშტეინისა" და "ეიფორიას" ვარსკვლავი, ჯეიკობ ელორდი განასახიერებს.
"დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის" მსოფლიო პრემიერა ლონდონში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ელორდი თავის ეკრანულ თანამგზავრთან ერთად გამოჩნდა. ბელგიური მოლინუა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია.
ფილმი რიდლი სკოტის ახალი ნამუშევარია. რეჟისორი, რომლის სახელსაც კინოს ისტორიაში "უცხო", "დანის პირზე მორბენალი", "გლადიატორი" და "მარსელი" უკავშირდება, კინომოყვარულებს ამჯერად განსხვავებულ ხედვას სთავაზობს.
მთავარ გმირთან ერთად, გადარჩენილი ყოფილი სამხედრო - ბანგლია, რომელსაც ჯოშ ბროლინი თამაშობს. მათ იზოლირებულ ცხოვრებას არღვევს უცნაური რადიოსიგნალი, რომელსაც მთავარი გმირი ძველი "ცესნათი" ფრენისას რადიოში დაიჭერს და ის ამ ხმის წყაროს საძებნელად მიემართება. მძაფრსიუჟეტიან თრილერში ჰოლივუდის სხვა მსახიობებიც მონაწილეობენ, მათ შორის მარგარეტ ქუალი და გაი პირსი არიან.
ფილმი პიტერ ჰელერის 2012 წელს გამოცემული იგივე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ჰელერმა ფილმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკრანიზაციამ წიგნის ემოციური მხარე შეინარჩუნა.
რეჟისორმა პოსტაპოკალიფსური ამერიკის გადასაღებად იტალია აირჩია. ფილმის დიდი ნაწილი სწორედ ევროპაშია გადაღებული.
ლონდონში გამართული ჩვენების შემდეგ, მაყურებელმა ფილმი დიდ ეკრანებზე 28 აგვისტოს იხილა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი