კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების დირექტორები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანი სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაცნობა, მათი ციფრული უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა იყო.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ციფრული კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების ჩამოყალიბებისა და უსაფრთხო ციფრული გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებს, რომლებიც ციფრულ გარემოში ინფორმაციის გააზრებული, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების უნარების განვითარებას ემსახურება.