09 ნოემბერი 2026,   09:06
ვრცლად
ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგი დადებით შედეგს გამოიღებს - ირმა ზავრადაშვილი შალვა პაპუაშვილის პრაღაში ვიზიტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრაღაში ოფიციალურ ვიზიტს თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი აფასებს.

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრებენ.

აქვე, ზავრადაშვილის იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალური ვიზიტი დადებით შედეგს გამოიღებს.

"ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა დიალოგი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და არამარტო ევროკავშირის ქვეყნებთან.

ეს არის ძალიან მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის პირობებში, ვილაპარაკებთ ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე - რას ვაპირებთ ევროკავშირთან მიმართებაში, როგორ ვაპირებთ ჩვენს განვითარებას და ადაპტირებას ევროპის დიდ ოჯახში.

ველოდებით ძალიან პოზიტიურ შედეგებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგი თავის დადებით შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს.

დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩეხეთში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას მოწვევით იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტისა და უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლები.

დღის ამბები