ისლანდიაში მოსახლეობის უმრავლესობამ უარით უპასუხა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. 52.8 პროცენტი 47.2 პროცენტის წინააღმდეგ - ამ შედეგით დასრულდა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელმაც კუნძულოვანი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, მინიმუმ, 2028 წლამდე გაყინა. საბოლოო შედეგების გამოცხადებას ევროსკეპტიკოსების ოვაციები მოჰყვა.
შედეგების გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე და მოწინააღმდეგეების მხრიდან. ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის არსებული ხარისხი უნდა შეინარჩუნოს.
რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა ისლანდიის ექსპრემიერ მინისტრმაც. მთავრობის ყოფილი მეთაური მიიჩნევს, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ისლანდიაა, ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
წინამორბედისგან განსხვავებით, რეფერენდუმში ევროკავშირის სასარგებლოდ მისცა ხმა ისლანდიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2028 წელს ეწურება, ჯერ კიდევ შედეგების გამოქვეყნებამდე, პირობა დადო, რომ თუ მოსახლეობის უმრავლესობა უარს იტყვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს საკითხი მისი მმართველობის დღის წესრიგში აღარ დადგება.
ისლანდიაში რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია ბრიუსელი, რადგან გაფართოების შესახებ სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაიზარდა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას ისლანდიაში ჩასვლას გეგმავდა, თუ რეფერენდუმი ევროკავშირის სასარგებლოდ დასრულდებოდა. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ისლანდიელი ხალხის გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
კუნძულოვანმა სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 2009 წელს, ფინანსური კრიზისისა და ისლანდიის საბანკო სისტემის კოლაფსის შემდეგ გააკეთა, თუმცა 2013 წელს სათავეში მოსულმა მთავრობამ მოლაპარაკების პროცესი შეაჩერა. მაშინ, ისევე როგორც ახლა, შიდა ეროვნული ინტერესები და თევზჭერის უფლებები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა, მათ შორის მეთევზეობასთან დაკავშირებულ კომპანიებში დასაქმებულთა 90 პროცენტმა, ხმა სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.