დიდი გარიგება და ძალიან დიდი საქმე - დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე კიევთან მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას აფასებს. ხელმოსაწერად ზელენსკი პარასკევს, სავარაუდოდ, ვაშინგტონში ჩავა და ამერიკის 47-ე პრეზიდენტს შეხვდება.
ვაშინგტონში ზელენსკის გამგზავრებამდე, განხილვის თემა ვაშინგტონსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმებაა - მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ამერიკული ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს გადაურიცხავს. თუმცა, შეთანხმებაში ნახსენები არ არის ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები, რასაც კიევი დაჟინებით ითხოვდა. თავად ზელენსკის მტკიცებით, საბოლოო ვერსიაში არსად არის ნათქვამი, რომ უკრაინა წარსულში მიწოდებული დახმარებისთვის შტატებთან მოვალეა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტისთვის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები კი სტამბულში გასამგზავრებლად ემზადებიან. შეხვედრა ხვალ გაიმართება, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კრემლი ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განთავსებას არ დაუშვებს.
განხილვის თემაა გაყინული რუსული აქტივების საკითხიც. საფრანგეთთან ერთად, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ევროკომისიის პრეზიდენტი პოლიტიკოს ინფორმაციით, ამ აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ. ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა საერთაშორისო ინვესტორები შეაშინოს და ევროკავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებებში უპირატესობა წაართვას. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან ონლაინ გამართულ შეხვედრაზე ემანუელ მაკრონმა.
სანამ მსოფლიო ომის დასრულებაზე მსჯელობს, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტს. კიევის ოლქზე ოკუპანტების დრონებით იერიშს დღეს 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. ერთი ადამიანია დაღუპული კრამატორსკშიც. იქ თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. რუსეთის სამიზნე გახდა ხარკოვიც.