ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ბევრჯერ თქვა, რომ უკრაინაში ომს ძალიან მალე დაასრულებს, Fox News-თან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ომის თავიდან არიდება შეეძლო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
საომარი მოქმედებების თავიდან არიდება უკრაინაშიც რომ შესაძლებელი იყო, დარწმუნებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძემ ახსენა "დიფ სთეითიც" და განმარტა, რომ კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს უკრაინაში ომის დასაწყებად.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ზელენსკის სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან მათი აზრით უკრაინულ მხარეს რომ არ ეპასუხა, ახლა რუსული ტანკები კიევში იქნებოდნენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მისი დამანგრეველი შედეგების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" სამშვიდობო პოლიტიკა. სახელისუფლებო პარტიის წევრების შეფასებით, კონკრეტული ძალების მხრიდან მცდელობის მიუხედავად, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.
ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის ქმედებებითაც. დონალდ ტრამპმა ევროპას შეახსენა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად 200 მილიარდით მეტი დახარჯა. ამერიკის პრეზიდენტმა NATO-ს წევრ ქვეყნებსაც მიმართა და მათ თავდაცვის ხარჯების ხუთ პროცენტამდე გაზრდისკენ მოუწოდა.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში ჩინეთი და მისი ლიდერი სინ ძინ პინიც დაეხმარება. დღის წესრიგში კვლავ აქტიურად დგას ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრაც. როდის და სად გაიმართება ტრამპი-პუტინის აუდიენცია, ეს ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა მხარეებმა შეხვედრის შესახებ თანხმობა ზეპირი განცხადებების დონეზე უკვე დაადასტურეს.