პროკურატურამ "ლილო მოლის" ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მესამეს - შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდა.
სასამართლომ კი, ერთ-ერთ ბრალდებულს, ირმა შამილოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება მეორე პირს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საზღვარგარეთ იმყოფება, მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
როგორც ადვოკატები "კურიერთან" საუბრობენ, პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულები პატიმრობაში დარჩნენ ან ბრალი დაუმძიმდეთ. ამასთან, ადვოკატები შეკვეთით მკვლელობის ფაქტს გამორიცხავენ.
"ჩვენი პოზიციაა, რომ ის აღიარებს 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, განზრახს, შურისძიების ნიადაგზე. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
კონფლიქტი ჰქონდათ გარდაცვლილსა და ბრალდებულს მანამდე. შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი არ არის, ამას, რა თქმა უნდა, უარყოფს," - აღნიშნა ადვოკატმა ანა ჟღენტმა.
"ტომი, რომელიც ეთმობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების არსს, არანაირ შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ბრალდების მხარე დავობს. პრაქტიკულად ამბობენ, რომ ის არის დამხმარე შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში... მას [ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა] რა თქმა უნდა, არ გადაუცია," - განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით, "ლილო მოლის" ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის უარის გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა მეგობრის დახმარებით, მკვლელობისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა.
ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 3 აგვისტოს მოხდა. "ლილო მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.