პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირება ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ "ნაციონალური მოძრაობა", თავისი შინაარსით, დესტრუქციული ორგანიზაციაა.
მისი შეფასებით, რუსთავის ციხეში ყოფილ თანაგუნდელებს შორის მომხდარი ინციდენტები და მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა ადასტურებს, რომ დესტრუქცია ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების ქცევის მთავარ წესად იქცა.
"ეს დაპირისპირება ახალი არ არის, გამოწვეული ბევრი მიზეზის გამო: არის პიროვნული მიზეზები, პიროვნული წყენები, მაგრამ მთავარი მიზეზი, საფუძველი, საიდანაც ეს დაპირისპირება იწყება, ღრმავდება და ტოტალურ ხასიათს იღებს, გახლავთ ის, რომ თვითონ "ნაციონალური მოძრაობა", თავისი შინაარსით, არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, მათი ლიდერების და წევრების ქცევის წესად არის ქცეული," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის: ოპოზიციაში დაპირისპირების ტალღა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგი წერილი გაავრცელა. მესამე პრეზიდენტი ჩივის, რომ რუსთავის ციხის დერეფანში ყოველი ჩავლისას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მას მთელი ხმით, უშვერი სიტყვებით აგინებს. სოციალურ ქსელში დაწყებულმა კონფლიქტმა ციხის სივრცეში გადაინაცვლა, რასაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გარეთ მყოფი წევრების მხრიდან გვარამია-მელიას ტანდემის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მმართველი გუნდისთვის კი აღნიშნული პროცესი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.