



უკვე მესამედ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია - მეორე ტურის შედეგები ცნობილია. ერდოღანმა ხმების 52%-ზე მეტი მოიპოვა. გამარჯვება მან მხარდამჭერებთან ერთად, ჯერ კიდევ შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე აღნიშნა.
"ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი" - განაცხადა პრეზიდენტმა. "ნახვამდის, ქემალ" - ასე მიმართა ერდოღანმა მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.
"ახლა დროა ყველა კონფლიქტი და დებატები არჩევნებთან დაკავშირებით გვერდზე გადავდოთ და ჩვენი ეროვნული მიზნებისა და ოცნებების ირგვლივ გავერთიანდეთ.
ინფლაციის შედეგად ფასების მატებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება და კეთილდღეობის დანაკარგების კომპენსირება, მომავალი პროცესის ყველაზე აქტუალური საკითხია. ამ საკითხების გადაწყვეტა ჩვენთვის რთული არ არის. ნდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და ჩვენ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ავაშენებთ ძლიერ ეკონომიკას ამ წესების ირგვლივ," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
მარცხი აღიარა თავად ოპოზიციონერმა კანდიდატმაც და ბრძოლა "ნამდვილ დემოკრატიამდე" დაანონსა.
"ყველა თქვენგანთან მაქვს თხოვნა, შევინარჩუნოთ დემოკრატიისთვის ბრძოლა თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, პენსიონერებისთვის, ჩვენი დედებისთვის, მამებისთვის, ჩვენი ფერმერებისა და ვაჭრებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველაზე უსამართლო არჩევნები გამოვცადეთ. სახელმწიფოს ყველა საშუალება ერთი პოლიტიკური პარტიისთვის იყო მობილიზებული. ამ არჩევნებში გამოჩნდა ხალხის ნება შეცვალონ ავტორიტარული რეჟიმი. გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე დემოკრატია არ იქნება ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.