30-იან წლებში თბილისში გამოცემული ბროშურა ერთ-ერთია იმ იშვიათ ექსპონატებს შორის, რომელიც გასული საუკუნის მივიწყებულ ამბებს ინახავს და მხოლოდ ორი დღით თბილელის ქარვასლაში გამოიფინა. სწორედ ასეთი ბუკინისტური გამოცემებითა და საარქივო მასალებით გაიხსნა წიგნის ფესტივალი "ტიფლისი", რომელმაც ქალაქის ისტორიისა და ლიტერატურის მოყვარულები გააერთიანა.
ბუკინისტების მიერ წარმოდგენილი უძველესი წიგნები დამთვალიერებელს იმ ეპოქაში ამოგზაურებს, საიდანაც დედაქალაქის შესახებ ბეჭდური ჩანაწერების შექმნა დაიწყო.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ავტორებს, მკვლევრებსა და გამომცემლებს, გასცნობოდნენ ძველი თბილისის თემატიკაზე შექმნილ ფოტო-ვიდეომასალას და დაეთვალიერებინათ ფერწერული ტილოები. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი საარქივო გამოცემები წარადგინა, ხოლო ქარვასლის ისტორიის მუზეუმში მუდმივად განახლებადი "წიგნის ბუდე" მოაწყო.
სიმბოლურია ადგილიც, რომელმაც "ტიფლისს" უმასპინძლა - ქარვასლა საუკუნეების განმავლობაში კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი წიგნის კითხვის კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნების ხელშეწყობაა.
"ტიფლისი" თბილისის მერიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, პროექტების "ქოლგა" და "თბილისის იდუმალი ბაღების" ორგანიზებით, თბილელის ქარვასლაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი