28 ივნისი 2026,   00:39
ვრცლად
დაზიანებული სკამები, ატრაქციონები, ურნები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა - მოზარდების მხრიდან ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები თბილისში

ვანდალიზმის ფაქტები თბილისში, სხვადასხვა დროს და ადგილასაა გადაღებული. სამეთვალყურეო კამერებში ძირითადად მოზარდები ჩანან, ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად დაზიანების დროს ხშირად თავადაც ზიანდებიან.

ვიდეო კადრები მერიამ გაასაჯაროვა. მასალაში ვანდალიზმის კონკრეტული შემთხვევები ჩანს. მოზარდები აზიანებენ მოსასვენებელ სკამებს, ბალახის საფარს, ტრენაჟორებს და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილ ატრაქციონებს, ცეცხლს უკიდებენ სანაგვე ურნებს. ერთ-ერთ საბავშვო სივრცეში არასრულწლოვნებმა გასართობ ხის სახლებს ცეცხლი მოუკიდეს და გაიქცნენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, მერიის ვიდეო კამერებსაც აზიანებენ.

დაზიანებული ინფრასტრუქტურა კი სკვერებში და პარკებში, გასართობად მისული ბავშვებისთვის, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. ვანდალიზმის შედეგად რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევა 22 ივნისს, ლოტკინზე, კიშინოვის ქუჩაზე მდებარე რეკრეაციულ სივრცეში მოხდა. 13 წლის გოგოს თანატოლების მიერ დაზიანებული ატრაქციონის კონსტრუქცია იმ დროს დაეცა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს სკამზე იჯდა. ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ვანდალიზმის პრევენციისთვის, მოსასვენებელ სივრცეებში მერიამ დამატებით სამეთვალყურეო კამერები დაამონტაჟა, რომელიც 24 საათის განმავალობაში ჩართულია. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შემოწმების მიზნით, სკვერებში და პარკებში მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ. 

ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად დაზიანების ფაქტებზე მერიას შესაბამისი რეაგირება აქვს. ვანდალიზმის შემთხვევებზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახი კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციას საზოგადოებამაც შეუწყოს ხელი.

ვანდალიზმი დასჯადია და სამართლებრივ რეაგირებას ითვალისწინებს.

დღის ამბები