



საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერდოღანს ტელეფონით მიულოცა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დროს ალიევმა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში წარმატებები უსურვა და ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.
ამასთან, ერდორანს გამარჯვება მიულოცა სომხეთის პრემიერ- მინისტრმა და მილოცვის ტექსტი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის",- წერს ნიკოლ ფაშინიანი.
ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტიც.
"ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", – წერს ზელენსკი "ტვიტერის" გვერდზე.
მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ულოცავს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი წერს, რომ ერდოღანს რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობებში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უპირველეს ყოვლისა კი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა და თურქეთში გაზის ჰაბის მოწყობას" - წერს ვლადიმერ პუტინი.