29 ივნისი 2026,   07:51
ვრცლად
ვინ მოიგებს მეორე ტურს - თურქეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99 პროცენტი დათვლილია. საკუთარი არჩევანი ქვეყნის ამომრჩეველთა 88 პროცენტმა გააკეთა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმების 49.25 პროცენტით ლიდერობს, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.06 პროცენტი აქვს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის მესამე კანდიდატს, სინან ოგანს,მან ამომრჩევლების ხმების მხოლოდ 5.28 პროცენტი მიიღო.

მიმდინარე არჩევნებში თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ოპოზიციის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს :

"ერდოღანმა ვერ მიიღო ის შედეგი რასაც ელოდა. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია, არჩევნების მონაცემები ჯერ კიდევ შემოდის. თუ ჩვენი ერი გადაწყვეტს მეორე ტურს - დიდი სიამოვნებით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მეორე ტურში, ამას ყველა ნახავს," - განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

მეორე ტურში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მოქმედი პრეზიდენტიც:

"ჩვენს უახლოეს კონკურენტს არჩევნებში 2.6 მილიონი ხმით გავასწარით. ვფიქრობ, საბოლოო შედეგებით ეს მაჩვენებელი გაცილებით გაიზრდება.
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დეპუტატების არჩევნების შედეგად ჩვენმა სახალხო ალიანსმა მოიპოვა უმრავლესობა. ჩვენი ალიანსი დომინირებს თითქმის ყველა კომისიაში.

ამიტომ, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი ერის არჩევანი, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა ჩვენს ალიანსს მისცა, საპრეზიდენტო არჩევნებში ნდობისა და სტაბილურობის მომხრე იქნება," - განაცხადა ერდოღანმა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, ერდოღანის „სახალხო ალიანსი“ ხმების 49.31 პროცენტით ლიდერობს, ოპოზიციის "ეროვნულმა ალიანსმა“ კი ამომრჩევლების ხმების 35.21 პროცენტი მიიღო.

დღის ამბები