თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია - თურქეთის მოსახლეობა არჩევანს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის აკეთებს. ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ და სინან ოგანი.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.
დღეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა თურქეთის 64 მილიონზე მეტ მოქალაქეს ექნება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 5 საათამდე გაგრძელდება.
"დილით ადრე მოვედი და ხმა მივეცი იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანას საუკეთესო მომავალი ექნება. როგორც ხედავთ, ბევრი ხალხი მოდის. თურქეთს საუკეთესო მომავალს ვუსურვებ," - აცხადებს ადგილობრივი ნუეთინ სარიკაია.
ადგილობრივების ნაწილი უკმაყოფილოა მოქმედი პრეზიდენტით რეჯეფ თაიფ ერდოღანით და ამბობენ, რომ მათი შეხედულებები ბოლო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.
"რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებები შეიცვალა ბოლო არჩევნების შემდეგ. ახლა თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. დავიღალეთ მუდმივი ლაპარაკითა და ცარიელი სიტყვებით. რა თქმა უნდა, არის კარგი რაღაცებიც, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მაგრამ ბოლო დროს ისინი ქვეყანას ზევიდან უყურებენ და ერს შეურაცხყოფენ. რთულია გარკვეული ასაკის შემდეგ ამას გაუმკლავდე," - აცხადებს ადგილობრივი გუნგორ იუსელი.