გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 39%-მა დადებითი პასუხი გასცა, 42%-მა უარყოფითი, ხოლო 17%-მა არ იცის.
გასული წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში დადებითი პასუხის მაჩვენებელი 30% იყო, უარყოფითის კი – 62%.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ყველაზე მეტად "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.