საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ წალკაში, სადაც, ბოლო მონაცემებით, აქტივობამ 35% შეადგინა. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი, "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე.
წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. 4 უბნიდან 3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი, დავით შერაზადიშვილი აცხადებს, მმართველ გუნდს კანდიდატად გამორჩეული თვისებები ადამიანი ჰყავს წარდგენილი.
"პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი არის ქალბატონი ნანული ხინიკაძე. ის არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი შრომისუნარიანობით, ადამიანური თვისებებით და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაიმარჯვებს დღევანდელ დღეს. არჩევნები მიმდინარეობს მაღალი აქტივობით," - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ამასთან, როგორც წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხატია პარასკევოვი აცხადებს, არცერთი საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა.
"არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ამ ეტაპზე ოთხივე საარჩევნო უბანზე დაბრუნებულია გადასატანი საარჩევნო ყუთი. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით 13-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. სამ ელექტრონულ უბანზე მიმდინარეობს ელექტრონული არჩევნები, სამივე უბანი მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად.
15:00 საათის მდგომარეობით, 35%-ია მოსული რეგისტრირებული ამომრჩევლების. არცერთი საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა," - აცხადებს ხატია პარასკევოვი.