მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორგასლის ოფისში ბრიფინგი გამართა.
მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევს.
უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში- სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში. დილიდან ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის, ოთხი წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.
17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა, დმანისში 50%-მა, წალკაში 37%-მა, ხოლო ვანში 57%-მა. საარჩევნო უბნები, საქართველოს დროით, 20:00 საათზე დაიხურება. ტრადიციულად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.