ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარე, დავით შეთეკაურის სახლი ერთ-ერთია, რომელიც ელექტროენერგიით წლის ოთხივე სეზონზე იქნება უზრუნველყოფილი. მზის მიკროსადგურების დამონტაჟებამ მუცოს ხეობის მოსახლეობისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
ელექტროენერგიის უწყვეტი წყარო დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ 16 სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. ინდივიდუალური მიკროსადგურები ადგილობრივებს საშუალებას მისცემს მსხვილი საოჯახო ტექნიკა გამოიყენონ.
დასახლებებში ადგილობრივების შენარჩუნებასთან ერთად, სიახლე შესაძლებლობას აჩენს, სოფლებში დაბრუნდნენ ისინი, ვინც მთა დიდი ხნის წინ დატოვა. მზის ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა ბიზნეს იდეის განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს შექმნის.
ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მზის მიკროსადგურები კიდევ 58 ოჯახს დაუმონტაჟდა. მაღალმთიანი სოფლების ნაწილი საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, რაც პროექტს დამატებით მნიშვნელობას სძენს.
პროექტი მოიცავს იმ დასახლებებს, რომელთა ცენტრალურ ქსელზე მიერთება რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. თანამედროვე სისტემების მონტაჟი სრულიად უფასოა.
ისტორიაში პირველად, მაღალმთიანი და რთულად მისადგომი დასახლებებისთვის, ელექტროენერგია უკვე ხელმისაწვდომია. პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაბამისი კრიტერიუმების მქონე მოქალაქეებმა ადგილობრივ მერიას უნდა მიმართონ.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.