04 ოქტომბერი 2026,   01:13
ვრცლად
წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორები პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ - ძალიან უსუსური კამპანიაა - ირაკლი კირცხალია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ამაზრზენია, როდესაც პენიტენციურ სისტემაში წამებასა და ღირსების შემლახველ მოქმედებებზე საუბრობენ ის პირები, რომლებიც თავად იყვნენ ამ მეთოდების ავტორები, - ამ განცხადებით კირცხალია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პენიტენციური სამსახურის პროცედურული ფაქტების პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენებას ცდილობს.

"ძალიან უსუსური კამპანიაა. წამებაზე ვინ საუბრობს პენიტენციურ სისტემაში - წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორები და შემოქმედნი ჩვენს ქვეყანაში. ესენი საუბრობენ და მერე რაღაც ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი, თუ არ ვცდები, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში, ამის ახლა ამოწევა, რა დონეზე განულებულები არიან და რა დონეზე დღის წესრიგი არ აქვთ, რომ ისევ და ისევ იმდენად მტკნარ სიცრუეზე ფიქრობენ, რომ ააგონ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ უბრალოდ ღიმილისმომგვრელია.

ღიმილისმომგვრელია, ერთი მხრივ, და შემდეგ, მართლაც შემაშფოთებელია და ამაზრზენია, როდესაც ამას ისმენ, აი, ამ სიცრუეს ისმენ წამების, გაუპატიურების და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან - ე.წ. "ნაცმოძრაობისგან" და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. თუ ე.წ. პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი, ასეთი სისულელეებით პირდაპირი მნიშვნელობით, პირველ რიგში, რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, რომელიც როგორ გითხრათ, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. და, ვინ აკეთებს ამას, ის ხალხი, რომელსაც 10-კაციან საქმეებში 70 და 80 კაცი ჰყავდათ, გვამებს აბამდნენ პატიმრებს და ეს ხალხი უტევენ დღეს პენიტენციურ სისტემას. უტევენ იმას, რაც სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ამას უტევენ.

ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შეტევა პენიტენციურ სამსახურზე. გვახსოვს, თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ, სისტემატური ხასიათი აქვს პენიტენციურ სისტემაზე შეტევას, მაგრამ აბსოლუტურად ყველა შეტევა შემდეგ ქარწყლდება მყისიერი განცხადებით, ვიდეოკადრებით, მტკიცებულებებით თუ ასე შემდეგ.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, იმდენად განულებულები არიან, იმდენად, პირველ რიგში, უმორალოები არიან, მორალი და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთთან არის, როგორც ზეთი და წყალი, როდესაც ისინი ზოგადად პენიტენციურ სამსახურს ახსენებენ.

კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ესე მარტივი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასეთი მარტივი ტყუილებით, როგორც მარტივ ტყუილებსაც იყვნენ შეჩვეული თავის დროზე და თავის მმართველობის პერიოდში, დღეს ეს არ ხდება. დღეს საზოგადოებას აინტერესებს ფაქტები და საზოგადოება სვამს კითხვებს," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ დისციპლინური სახდელი ცხრაჯერ გამოიყენეს. ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარება. გამოძიების ინფორმაციით, ის ჯერ პოლიციელთან მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 8-ჯერ ესროლა და წელის არეში დაჭრა, რაც გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. სასამართლოს ვერდიქტით, მას 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, უკვე უპასუხა. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უწყება ასაჯაროებს დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, პატიმრის მტკიცებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც, უწყების განცხადებით, არის სრული სიცრუე.

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას, მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც გიორგი დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავითაძის საქმე და ვიდეოჩანაწერები დეტალურად შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა.

დღის ამბები