03 ოქტომბერი 2026,   13:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" 14 წელი - მმართველი გუნდი მთავარ მიღწევად სუვერენიტეტის დაცვასა და ეროვნული ინტერესების გატარებას ასახელებს

სუვერენიტეტის დაცვა - "ქართული ოცნებისთვის" ბოლო 14 წლის მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების შეფასებით ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეკონომიკური განვითარება და თავისუფლების უზრუნველყოფა, მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების გატარებით შეძლეს. "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობა კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არა მხოლოდ დიქტატურული, არამედ პროქსი სახელმწიფოდ ყოფნის წლები იყო. "ქართული ოცნების" პირობებში კი გარე ჩარევები შეიზღუდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი ისტორიული თარიღია, როდესაც ქართველმა ხალხმა პრინციპული არჩევანით არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლება შეცვალა. "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შეძლო და ბოლო 14 წლის განმავლობაში ქვეყანამ არაერთი მიმართულებით გაიმარჯვა.

ამომრჩევლის ვერდიქტმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დაასრულა. 14 წლის წინანდელი მოვლენები, რომ ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი პრეცედენტია, არც ყოფილი ხელისუფლების ამჟამინდელი ლიდერები უარყოფენ. სწორედ 14 წლის წინ გაკეთებულმა არჩევანმა "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა ხელისუფლება ახალი ძალისთვის გადაებარებინა.

დემოკრატიული განვითარება,ადამიანის უფლებების დაცვა, საგარეო პოლიტიკა, მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტები, ქვეყნისთვის შუა დერეფნის პოტენციალის გახსნა და ბიზნესის რეკეტის დასრულება-ეს იმ მიღწევების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც სახელისუფლებო გუნდის წევრები საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველომ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით ეროვნული ინტერესების დაცვა სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტი იყო და რჩება.

"ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება სახელმწიფოებრივი იდეის ირგვლივ გააერთიანა და ქვეყნის განვითარების საფუძვლად აქცია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის 54 პროცენტზე მეტის მხარდაჭერა მიიღო და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დემოკრატიული გზით შეცვალა.

დღის ამბები