მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, მათ შორის კიევშიც, დედაქალაქში აფეთქებები დაფიქსირდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს არ დააიგნორონ საფრთხე, გამოიჩინონ სიფრთხილე და დარჩნენ თავშესაფრებში.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ფრონტის ხაზზე ქალაქი ორიხივი დაბომბეს, დაზიანდა სახანძრო სადგური, აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკშიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროპეტროვსკშიც, ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით გასულ დღეს ნიკოპოლის რეგიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი.
შეტევა განხორციელდა სუმის ოლქის 3 დასახლებაზეც.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, ოკუპანტები მთელ რესურსს ბახმუტზე მიმართავენ, ქალაქის დაცვა კი გრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ჩრდილოეთით, ბელარუსის მხრიდან შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ დაფიქსირებულა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ბელარუსში ყოფნას.