ოჯახური კონფლიქტი მარნეულში, რომელიც ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა - მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა და ბაბუა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მამას ლევან პაპიაშვილს, ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, საჭირო გახდა მისი თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ოჯახი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადგილობრივების თქმით, პაპიაშვილებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც 30 წლის მამაკაცმა ჯერ ბაბუა დაჭრა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით, შემდეგ კი მამას ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში.
"შემოყვანილ იქნა პაციენტი, პაპიაშვილი ნიკოლოზი, გულ-მკერდის მიდამოში შემავალი ჭრილობით, აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ამჟამად მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში.
მეორე პაციენტი შემოიყვანეს დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ, პაპიაშვილი ლევანი, მას ჰქონდა ჭრილობა საფეთქელი-შუბლის მიდამოში, საკმაოდ დიდი ზომის ნახეთქი ჭრილობა. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა მრავლობითი დაზიანებები თავის ქალის და თავის ტვინის, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში," - აცხადებს ექიმი.
ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს საქმეს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.