02 ოქტომბერი 2022,   06:20
ვრცლად
დიდგორი 9 საუკუნის შემდეგ - საქართველო დღეს თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას აღნიშნავს, რომელმაც საქართველო რეგიონში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია

დიდგორში 9 საუკუნის შემდეგ - საქართველო დღეს თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას აღნიშნავს, რომელმაც ქვეყნის ბედი სერიოზულად შეცვალა. სწორედ დიდგორის ბრძოლის შემდეგ დაიწყო საქართველოში ოქროს ხანა, რომელმაც ქვეყანა რეგიონში მთავარ მოთამაშედ აქცია, დავით აღმაშენებლს კი გზა თბილისის გასათავისუფლებლად გაუხსნა.

დიდგორის ბრძოლიდან 901 წლის შემდეგ, სახალხო დღესასწაული ტრადიციულად დიდგორის ველზე სწორედ იმ ადგილას გაიმართა, სადაც ქართულმა ჯარმა უთანასწორო ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. უძველესი ქართული საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის ოსტატების წარმოდგენა, ქართული ცეკვა, ჭიდაობა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - ამ ყველაფრის ნახვა მოქალაქეებს დღეს დიდგორის მონუმენტთან შეეძლოთ.

ქართული საბრძოლო ხელოვნება სცენაზე საქართველოს ეპოქალური გამარჯვების აღსანიშნად გააცოცხლეს. სახალხო დღესასწაული წელსაც ტრადიციულად დიდგორის მემორიალთან გაიმართა. ეროვნული სიმბოლიკა დღევანდელ ღონისძიებებზე მრავლად იყო - თეატრალიზებულ დადგმებში, ფოლკლორულ ნომრებში, კულინარიულ წარმოდგენებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებში.

დიდგორის ველზე შეკრებილებს ეროვნული დღესასწაული დღეს მთავრობის ხელმძღვანელმა მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ჩავიდა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა 901 წლის წინ მომხდარი ბრძოლის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის გავლენაზე თანამედროვე სახელმწიფოსთან მიმართებით.

დღესასწაულთან დაკავშირებით იყო დაჯილდოებაც. დიდგორობის ჯვრის ორდენი წელსაც გადაეცათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს - გამბედაობისთვის საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს, ლიდერის თვისებებისა და გამოჩენილი მამაცობისთვის თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის - ამ დამსახურებისთვის მედლები სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა გადასცა.

დიდგორობასთან დაკავშირებით სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საველე სწავლებაც, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო. საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა. საველე სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 70-მდე წარმომადგენელმა.

დიდგორის ბრძოლის ისტორიული გამარჯვებიდან 901 წელი გავიდა. ყოველ წელს, ამ დღის აღსანიშნად 12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული იმართება.

დღის ამბები