თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ. მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-27 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას.
პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები იმუშავებენ როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე.
"გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორი პრაქტიკული პროგრამის დანერგვას. ეს ეხება მიწის სამართალსა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივ მექანიზმებს. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას და უკვე მომდევნო აკადემიური წლისთვის, ვფიქრობთ, დავნერგოთ ციფრული მმართველობისა და მიგრაციის სამართლის კურსები", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.